საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.
საქართველოსთვის გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა.
მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება.