გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ითხოვს, 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები დღეს დილიდან ცდილობენ პროტესტის ნიშნად თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას. ამის საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი.
გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.