„უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული თუ დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას, ასევე, მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას,“ – აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ალექსი ბატიაშვილის თქმით, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის და არეულობის შექმნის მცდელობები, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს.
როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2020 წელს სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში – სისხლის სამართლის 5 საქმეზე.