კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ქუთაისში დღეიდან მოქალაქეებს უფასო PCR კვლევას ჩაუტარებენ. სწორედ ამ მიზნით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრალურ ბაღში სპეციალური სამედიცინო კარავი განთავსდა, სადაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია.
გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თვითიზოლაციაში არიან სკოლის ის თანამშრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, თუმცა კვლევამ ვირუსი არ დაადასტურა. თვითიზოლაციაში არიან „ვენდისის“ თანამშრომლებიც, ობიექტი კი დაკეტილია.
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსი რეანიმაციის ბლოკში მუშაობდა და შეხება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან ჰქონდა.
ამ დროისთვის 15 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ, მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა და მათი დიდი ნაწილი მოძიებულია.