პოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.