ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები. მიმდინარე წლის განმავლობაში, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.