ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ,,ეარ ევროპასა” და ,,იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ასევე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.
„პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს უწყობს როგორც ინვესტიციებს, ასევე ტურიზმის განვითარებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ განახლდება ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენები ბარსელონასა და ქუთაისს შორის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის. ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიკომპანიებთან ,,ეარ ევროპა” და ,,იბერია”. ეს წამყვანი ესპანური ავიაკომპანიებია.
დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არამარტო ესპანეთსა და საქართველოს არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას. რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში,” – აცხადებს საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე.