პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბრისას უკრანის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის უარი უთხრა, რომ უკრაინელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ. ღარიბაშვილმა ზელენსკის განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ამავე ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.
.ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა „წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები“.
ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ზელენსკიმ გაავრცელა: „სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილთან, მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან შეშვება.”