ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ჟორჟოლიანი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მაღალი რისკის ჯგუფში ის ორსულები არიან, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები ან სამეანო პათოლოგიები. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასს შეადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობა დაბალია, ყველა ორსულს და მომავალ მშობიარეს მოვუწოდებ, რომ აიცრან. ასევე ყველა ჩემს კოლეგას მივმართავ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაუწიონ პროპაგანდა იმას, რომ ორსულები ვაქცინირებულები იყვნენ. ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი- ეს არის ვაქცინაცია“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე დედას პრობლემები შეექმნას. კორონავირუსს გართულებები ახლავს ორსულებში, ნაყოფის ზრდის შეფერეხებისა და განვითარების თვალსაზრით, ასევე დიაბეტით დაავადებულ ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და რისკიც იზრდება.
„ვაქცინირებულ დედებში ანტისხეულები ნაყოფს დაბადებისთანავე შეიძლება ჰქონდეს. ეს აძლიერებს ნაყოფისა და დედის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. თუ ვინმე საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ვფიქრობ, ეს დანაშაულია. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.