საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ასე გამოეხმაურა ის სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო.
მისი თქმით, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებს, ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ტყუილი ვრცელდება, მათ შორის, მისი ადვოკატების მხრიდან. პაპუაშვილის თქმით, ტყუილი იყო, რომ თითქოს მას ლეიბი არ ჰქონდა, თავიდანვე ჰქონდა ლეიბი.
” წარმოუდგენელია, იატაკზე ეძინა თუ როგორ დავიჯეროთ ეს? ტყუილია, რომ თითქოს ტელევიზორს არ აძლევდნენ, პროცედურაა, რომ შესყიდვა უნდა მოხდეს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას ტელევიზორი აქვს.
რაც შეეხება შიმშილობას, მეც მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს რა თქმა უნდა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულება რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო და სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობა თანდათან გაუარესდება. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს უკვე აქვს ტელევიზორიც და დამატებით ლეიბი. ადვოკატის თქმით, ლეიბი მას აქამდეც ჰქონდა, თუმცა, ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ, ადამიანურ მოთხოვნას, რაც შეეხება მოთხოვნას, რომ ის პირადმა ექიმმა შემოაწმოს, ამაზე პენიტენციური სამსახურისგან პასუხი არ მიუღიათ.