ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა, რომელიც განაჩენისთვის ლონდონიდან ჩამოფრინდა, განაცხადა რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ავსტრალიის კონსულიც.
საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და ედვარდსების ოჯახს ბოდიში მოუხდა.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს.
პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.