„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება და ასევე, უქმდება კვების ობიექტებზე დაწესებული სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„კვების ობიექტებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან ადამიანების რაოდენობა 10-მდე გაიზარდოს და ღია სივრცეში 15 ადამიანამდე. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღებულია იგივე გადაწყვეტილება. შესაძლებელი, იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვაც როგორიც არის: ქორწილი, ქელეხი, წვეულება და დაბადების დღე.
ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის ვალდებულება. 4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება“, – განაცხადა ღიბრაძემ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.