2020 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.7 %-ით.
2020 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (15 271 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (259 ბავშვი).
საქსტატის ცნობით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 %-ით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 13 878 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 764 კაცი.
2020 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 4 017 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო ქართლის რეგიონისა.