შვილის სუიციდამდე მიყვანის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. ,,ცამდე მართალი ვარ. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით’’, – განაცხადა ბრალდებულმა ფრიდონ აბჟანდაძემ.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. განიხილება ყველა ვერსია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დეტალებზე ექსპერტიზის დასკვნამდე არ საუბრობს.