“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას. ეს განცხადება მან ნონა მამულაშვილის განცხადების პასუხად გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთლიანი ოპოზიციის დღის წესრიგი.
სამნიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში, რადგან 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი ამ მიმართულებით, რომელიც ხელიდან გაუშვა ოპოზიციამ. ამასთანავე, მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგში კვლავ რჩება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, მაგრამ ამის პარალელურად საჭიროა ყველა მიმართულებით მუშაობა.
„წარმატებას ვუსურვებ მათ ახალ სამდივნოსთან დაკავშირებით, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს აღმასრულებელი რგოლი და განახლდება თუ არა სრულფასოვნად ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში. ვფიქრობ, იქნება თუ არა ოპოზიციის მუშაობა სრულფასოვანი პარლამენტში, ამაზეა დამოკიდებული ზოგადად, როგორი იქნება განვითარება ამ ქვეყნის. ეს იქნება ჩემთვის გადამწყვეტი და იმედი მაქვს, ეს მუშაობა განახლდება. ვფიქრობ, რომ 2021 წელი იყო შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელიდან გავუშვით, შესაძლებელი იყო რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ხმები არ ეყო, შეიძლებოდა ზოგიერთ რთულ ვითარებაში რიგგარეშე სესიის მოწვევა, რასაც ასევე ხმები არ ეყო, ხაზს გავუსვამ რომ ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობა გააძლიერებს ამ მიმართულებით ოპოზიციას და არ იქნება განცდა, რომ ოპოზიცია სუსტია ამ ქვეყანაში. არ არის ოპოზიცია სუსტი, მას სჭირდება კოორდინირება და ნაბიჯების ერთად გადადგმა,“ – განაცხადა სამნიძემ.