საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოს აქვს დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევრის სამყოფი ხორბლისა და ფქვილის რეზერვები. მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომმა გამოიწვია ბაზარზე ხორბლის ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვების მოშლა.
მედია-ცენტრ „მთავარში“ სილაგავამ განაცხადა, რომ საქართველო ჯერ კიდევ იღებს წარსულში დადებული კონტრაქტების საფუძველზე რუსულ ხორბალს, თუმცა მომავალში საჭირო იქნება ახალი ბაზრების მოძიება, მათ შორის შეიძლება იყოს ევროპული და ყაზახური ბაზრები.
მისივე განცხადებით, საქართველოს აქვს დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევრის სამყოფი ხორბლისა და ფქვილის რეზერვები, რაც მარაგების შევსების ახალი ბაზრების მოძიებისას ერთგვარ სასურსათო უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს, თუმცა თუ ხორბალზე და ფქვილზე ფასები გაიზრდება, სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმს გამოიყენებს.
რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო ხორბლის წარმოების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის. საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ომამდე რუსეთის ფედერაცია იყო, რომელზეც წლების მიხედვით, ქართული იმპორტის დაახლოებით 80-90 პროცენტი მოდიოდა.