ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვას დღეს იწყებს.
უკრაინა სასამართლოს მიმართავს, გამოიტანოს საგანგებო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს მოსთხოვს, უკრაინაში შეჭრა შეაჩეროს. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ მოსკოვის მიერ თავდასხმის გამართლება ეფუძნება გენოციდის კანონის არასწორ ინტერპრეტაციას.
უკრაინა რუსეთს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ეწირება. კიევის მოთხოვნით, ამ დანაშაულისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია საჭიროა ადამიანების დასაცავად, რომლებიც ბულინგის და გენოციდის“ განიცდიან.
უკრაინის მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ხაზგასმულია, რომ გენოციდის შესახებ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და არ იძლევა შეჭრის სამართლებრივ დასაბუთებას.