გენიალური შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის პირვანდელმა ვარიანტმა ჩვენამდე, სამწუხაროდ, ვერ მოაღწია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, მე-16 საუკუნით თარიღდება. თავად პოემა 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერების მეშვეობით ვრცელდებოდა. დღეისათვის 164-მა ხელნაწერმა მოაღწია.
საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ხელით გადაწერის უდიდესი ტრადიცია. სწორედ ამ ტრადიციის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა ეს უძვირფასესი განძი საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა და აქამდე მოიტანა.
სულ ახლახან დასრულდა 18-წლიან პროექტზე მუშაობა, რომელმაც ეპოქის 300-მდე გამორჩეული ადამიანი გააერთიანა. „21-ე საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის“ შექმნის იდეა კოლექციონერ გურამ ახალაიას ეკუთვნის.
„21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის” პირველი გვერდი საქართველოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ გადაწერა, მეორე გვერდი – ჭაბუა ამირეჯიბმა, მესამე – ანა კალანდაძემ. საბოლოოდ, პროექტში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის პრემიის ლაურეატებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა, მსახიობებმა, კალიგრაფისტებმა და წმინდა სინოდის წევრებმა. ბოლო გვერდი გადაწერა 21-ე საუკუნის უდიდესმა მოქამდაკემ და საზოგადო მოღვაწემ მერაბ ბერძენიშვილმა.
ილუსტრაციების შექმნაში ცნობილმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა, ესენი არიან: ლევან ცუცქირიძე, პიკო (ზურაბ) ნიჟარაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, თემო გოცაძე, თაზო ხუციშვილი, ზურაბ წერეთელი, მურაზ მურვანიძე, მამია მალაზონია, გიორგი გეგეჭკორი.