30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში, 24:00 საათიდან 04:00 საათამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო რეჟიმში მოძრაობასთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირი ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე ჩაიკეტება – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალა, პროცესი რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები მთლიანად დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დაიწყება უკვე ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. რა თქმა უნდა, ამას ექნება ადაპტაციის პერიოდი, გარკვეული დრო დასჭირდება და ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით,”- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს არ გულისხმობს და ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებსაც მოიცავს.