2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დირექტორს და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ITB Berlin-ის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხები განიხილეს. წელს საქართველო ბერლინის გამოფენის პარტნიორია კულტურული მიმართულებით, ხოლო 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორის თქმით, საქართველოს ტურისტული მიმართულებით უამრავი საიდუმლოება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია საერთაშორისო მასშტაბით.